საკუთარი და საზოგადო სახელები
იერსახე
საკუთარი სახელები ჰქვია ისეთ არსებით სახელს, რომელიც ერთ რომელიმე საგანს ეკუთვნის. ეს შეიძლება იყოს:
- ადამიანთა სახელები (სანდრო, ლევანი, ირაკლი, ნიკოლოზი, გიორგი, პაბლო, ვინსენტი, სილვია, მარიამი, ქეთევანი, ელენე, ნინო, მაია, ელეონორა, პენელოპე)
- ადამიანთა გვარები (მაჩაბელი, რაზიკაშვილი, ფიროსმანაშვილი, ყიფიანი, დარასელია, ქორიძე, ტაბიძე, ზვიადაური, ბუონაროტი, ბოტიჩელი, ბარათელი, მესი)
- ადამიანთა ფსევდონიმები (ფიროსმანი, ვაჟა-ფშაველა, არაგვისპირელი, დუტუ მეგრელი, ლენინი, სტალინი, სტენდალი, ჟორჟ სანდი, ვოლტერი, მარკ ტვენი, მოლიერი)
- ცხოველთათვის შერქმეული სახელები (ბუცეფალი, როსინანტი, ლურჯა, ნიკორა, წიქარა, ფაქიზო, ლომა, მურა, ჰაჩიკო, პიკლზი, ბალტო, ლორდი, ლაიკა, ბელკა, სტრელკა, არჩი, ჯეკი, ბიმი, რექსი, ჯამბო, სიმბა, ტომი, ჯერი, მიკი, ბემბი, დოლი, ლესი, გარფილდი, სპარკი, კაკარეკო, ჩი-ჩი, რიკო, მაილო)
- გეოგრაფიული სახელები — ქვეყნების (ავსტრალია, საქართველო, არგენტინა); ქალაქების (ლივერპული, ბარსელონა, მილანი); დაბების (თიანეთი, სურამი, წყნეთი); სოფლების (წეროვანი, მნათობი, განთიადი); მდინარეების (ამაზონი, მტკვარი, იორი); მწვერვალების (შხარა, თეთნულდი, უშბა); ზღვების (ხმელთაშუა ზღვა, შავი ზღვა, ეგეოსის ზღვა), ტბების (ვიქტორია, ბაიკალი, ტაჰო); კუნძულების (გრენლანდია, სუმატრა, ვიქტორია) და ა. შ.
- ციურ სხეულთა (ვარსკვლავები, პლანეტები, თანამგზავრები, ასტეროიდები) სახელები (მზე, დედამიწა, მთვარე, ვენერა, მარსი, იუპიტერი)
- წიგნებისა და ჟურნალ-გაზეთების სახელწოდებები (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ენციკლოპედია ბრიტანიკა, დიდი რუსული ენციკლოპედია, ბროკჰაუზის ენციკლოპედია, საყოველთაო გერმანული ბიოგრაფია, „ცისკარი“, „დილა“, „ნაკადული“, „მნათობი“, „ნიანგი“, „ტაიმი“, „როლინგ სტოუნი“, „France Football“, „Placar“)
- მხატვრული ნაწარმოებების („ვეფხისტყაოსანი“, „ჯადოსნური ფლეიტა“, „აბესალომ და ეთერი“, „სტუმარ-მასპინძელი“ „საიდუმლო სერობა“, „მონა ლიზა“, „ლომა“)
- დაწესებულება-ორგანიზაციების (გაერო, იუნესკო, ეუთო, მერკოსური, განთიადი, ფიფა, უეფა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, კავკასიის ისტორიულ-არქეოლოგიური ინსტიტუტი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია)
- ისტორიული მოვლენების (ანშლუსი, ალაგირის ტრაგედია, ყივჩაყთა გადმოსახლება საქართველოში, ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, საფრანგეთის რევოლუცია)
- გემების სახელწოდებები („სანტა-მარია“, „პინტა“, „ვიქტორია“, „სან-გაბრიელი“, „ტრინიდადი“, „სან-ანტონიოსი“, „სანტიაგო“, „კონსეფსიონი“, „მეიფლაუერი“)
- სასტუმროების სახელები („ქორთიარდ მარიოტი“, „რედისონ ბლუ ივერია“, „მილენიუმ ბილთმორი“, „შერატონ მეტეხი პალასი“, „ჰილტონი“, „რიქსოს ბორჯომი“)
- სპორტული კლუბების (საფეხბურთო, საკალათბურთო და ა.შ.) სახელები („მილანი“, „ბარსელონა“, „რეალ მადრიდი“, „ჩიკაგო ბულზი“, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“)
საზოგადო სახელები — ერთნაირ საგანთა საერთო სახელი. იგი აღნიშნავს არა ერთ გარკვეულ საგანს, არამედ მრავალ ერთგვარ საგანს, როგორიცაა: განთიადი, დილა, საღამო, დღე, ღამე, ზღვა, ცა, მთა, ქედი, ტყე, მდელო, მდინარე, ხე, ბუჩქი, ბალახი, ყვავილი, სოკო, ქვა, ქვეყანა, ქალაქი, სოფელი, დაბა, მაგიდა, სკამი, კოკა, დოქი, ჭიქა, ძაღლი, ტურა, კატა, მგელი, ცხვარი, ცხენი, ვეფხვი, ლომი და ა. შ. მაგალითად, მსოფლიოში უამრავი ქალაქია, რომელთაც გააჩნიათ თავ-თავისი სახელწოდებები: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, ბათუმი და სხვა, თუმცა ესენი საკუთარი სახელებია. ამ დასახელებული ქალაქების საზოგადო სახელი კი – ქალაქია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აკაკში შანიძე, ლეო კვაჭაძე, „ქართული ენა 5“, საქართველოს მაცნე, გვ. 73, თბ., 2014 წელი.